---
title: "მუხლი 67. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/67"
law: "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"
article: "67"
identifier: "2112"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე — საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/67

1. ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები.

3. იმ შესრულებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მისი პირველი შესრულებიდან, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა.

4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომელთა შექმნიდან, გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

5. მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემებზე, რომელთა შექმნიდან, პირველი გამოცემიდან ან საჯარო გაცნობიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 70 წელი, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/66-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16198-saavtoro-da-momijnave-uplebebis-shesakheb/67-1.md
