---
title: "მუხლი 4. ტერმინების განმარტება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/4"
law: "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 16210"
adopted: "1999-06-22"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ტერმინების განმარტება — ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/4

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა;
ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე;
ბ 1 ) ძირითადი მავნე ნივთიერებები − გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზაპირენი, მანგანუმის დიოქსიდი;
გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები;
დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუ­ძ­ნება დაბინ­ძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომ­პო­ნენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომ­პლექ­სურ) კონტროლს;
ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით;
ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“;
ზ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 );
თ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 );
ი) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 );
კ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 );
ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;
მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით;
ნ) (ამოღებულია);
ო) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის (შემდგომ – მონრეალის ოქმი) A, B, C ან E დანართით განსაზღვრული და რეგულირებადი  ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში;
ო 1 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებები − ოზონდამშლელი ნივთიერება და მონრეალის ოქმის F დანართით განსაზღვრული და რეგულირებული ნივთიერება;
ო 2 )  მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;
ო 3 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა;
ო 4 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ტრანზიტი − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის სახელმწიფოს, რეექსპორტის სახელმწიფოს და ექსპორტის სახელმწიფოს გარდა) ტერიტორიის გავლით გადაზიდვა;
ო 5 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გარდა ტრანზიტისა;
ო 6 ) იმპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი;
ო 7 ) ექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ექსპორტი;
ო 8 ) რეექსპორტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომლიდანაც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეექსპორტი;
ო 9 ) ტრანზიტის სახელმწიფო − სახელმწიფო, რომელშიც დაგეგმილია ან ხორციელდება მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეტანა მათი სხვა სახელმწიფოში გატანის (გარდა რეექსპორტისა) მიზნით;
ო 10 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეგროვება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების სამაცივრო სისტემიდან ამოღება შესაბამის კონტეინერში შენახვისა და იდენტიფიკაციისთვის;
ო 11 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების რეციკლირება − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მექანიკური მინარევებისგან, მჟავებისა და ზეთისგან გასუფთავება;
ო 12 ) მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების აღდგენა − მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისთვის  პირვანდელი სახის დაბრუნება;
ო 13 ) არამეწარმე ფიზიკური პირი − ფიზიკური პირი, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის;
პ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – მონრეალის ოქმის შესაბამისად ეტაპობრივი შემცირებისა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებისადმი დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, მოცემული მეტრულ ტონებში;
ჟ) თბური ტუმბო – მოწყობილობა, რომელიც სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან იღებს და დანიშნულებისამებრ აწვდის;
რ) მაცივარაგენტი – ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც ცირკულირებს თბურ ტუმბოსა და სამაცივრო კონტურში და გადააქვს სითბო დაბალი ტემპერატურის მქონე საგნიდან ან გარემოდან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში;
რ 1 ) სერტიფიცირებული პირი − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირი: ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას;
რ 2 ) მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა − მაცივარაგენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შეძენის/გასხვისების და მოხმარების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
ს) ზონა − ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის მიზნებისთვის;
ტ) აგლომერაცია − ზონა, რომელიც არის დასახლება ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ დასახლებათა სივრცითი დაჯგუფება და რომლის მოსახლეობის რაოდენობა 250 000-ს აღემატება;
უ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა − გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ზღვრულად დასაშვები ნორმების ან მიზნობრივი მნიშვნელობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს;
ფ) დონე − მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ან მისი დალექვა მიწისპირზე დროის მოცემულ პერიოდში;
ქ) ზღვრულად დასაშვები ნორმები − ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და რომელმაც შემდგომ არ უნდა გადააჭარბოს მიღწეულ დონეს;
ღ) შეფასება − ნებისმიერი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დონეების გაზომვისთვის, გამოთვლისთვის, პროგნოზირებისთვის ან მიახლოებითი შეფასებისთვის;
ყ) შეფასების ზედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტაციონარული გაზომვებისა და მოდელირების მეთოდების ან/და ინდიკატორული გაზომვების ერთობლიობა;
შ) შეფასების ქვედა ზღვარი − დონე, რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოდელირების ან მიახლოებითი შეფასების მეთოდი;
ჩ) ტოლერანტობის ზღვარი − ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც აღნიშნული ნორმა შესაძლებელია გადაჭარბებულ იქნეს ტექნიკურ რეგლამენტში − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებში მოცემული პირობების თანახმად;
ც) განგაშის ზღვარი − დონე, რომლის მიღმა მოსახლეობის ჯანმრთელობა მყისიერი უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება და საჭიროა ზომების დაუყოვნებლივ მიღება;
ძ) მიზნობრივი მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე დროის მოცემულ პერიოდში, აღნიშნული დონის მიღწევის შესაძლებლობის შემთხვევაში;
წ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვა − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ერთობლიობა;
ჭ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები − ზღვრულად დასაშვები ნორმები, შეფასების ზედა ზღვარი, შეფასების ქვედა ზღვარი, ტოლერანტობის ზღვარი, განგაშის ზღვარი, კრიტიკული დონე და მიზნობრივი მნიშვნელობა;
ხ) ფთორირებული სათბურის აირები − ფთორნახშირწყალბადები, პერფთორნახშირწყალბადები, გოგირდის ჰექსაფთორიდი, სხვა ფთორის შემცველი სათბურის აირები და ნარევები, რომლებიც შეიცავს ნებისმიერ აღნიშნულ ნივთიერება;
ჯ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5605-სსმI, №47, 26.12.2007წ., მუხ.407
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6160 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №451 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1446 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/5.md
