---
title: "მუხლი 111. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/111"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "111"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 111. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 111 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/111

1. სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

2. სხდომას ხსნის და თავმჯდომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

3. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, დაინტერესებულ მხარეს, განხილვაზე მოწვეულ ექსპერტს, მოწმეს.

4. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

6. სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.

7. სხდომა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/110.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/112.md
