---
title: "მუხლი 171. აღსრულების უზრუნველყოფა ჯარიმით — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/171"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "171"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 171. აღსრულების უზრუნველყოფა ჯარიმით — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 171 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/171

1. ჯარიმა, როგორც აღსრულების სამოქალაქოსამართლებრივი საშუალება, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერ ნების გამოვლენით.

2. ჯარიმა, როგორც აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედების დავალების შესაძლებლობა.

3. ჯარიმის თანხის ოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული გადაწყვეტილებით აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს საერთო თანხით ან თანხით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის.

4. ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს ფიზიკური პირისათვის და 5000 ლარს იურიდიული პირისათვის.

5. ჯარიმის თანხა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს ფიზიკური პირისათვის და 200 ლარს იურიდიული პირისათვის.

6. ჯარიმის თანხის მინიმალური ოდენობაა 5 ლარი.

7. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება შესაბამისად სახელმწიფო ან ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/170.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/172.md
