---
title: "მუხლი 195. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომტანი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/195"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "195"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 195. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომტანი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 195 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/195

1. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში უგზავნის ადმინისტრაციული საჩივრის და მასზე დართული დოკუმენტების ასლს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის ასლის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში წარუდგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს მოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და საკუთარი წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.

4. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირით ან სხვა უფლებამოსილი პირით, ხოლო თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კოლეგიური ორგანოს მიერ – კოლეგიური ორგანოს ხელმძღვანელი პირით.

5. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვა თანამშრომლით მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/196.md
