---
title: "მუხლი 83. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/83"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "83"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/83

1. ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

5. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

6. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/84.md
