---
title: "მუხლი 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/237"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "237"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 237 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/237

1. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ანდა ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3705 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი № 4007 - ვებგვერდი, 13.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/236.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/238.md
