---
title: "მუხლი 344¹. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "344^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 344¹. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 344¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344-1

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; გ) მიგრანტის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით; დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის ჩათვლით; ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/344-2.md
