---
title: "მუხლი 353¹. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "353^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 353¹. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 353¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-1

1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

1¹. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

2¹. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; ე) რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4981 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №275 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-2.md
