---
title: "მუხლი 353². საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა ან მასზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "353^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 353². საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა ან მასზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 353² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-2

1. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

3. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის მიერ  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) არასრულწლოვანის თანდასწრებით; დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №275 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/353-3.md
