---
title: "მუხლი 52¹. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/52-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "52^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 52¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/52-1

1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.

3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული.

4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა სასჯელად ინიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

5. ძირითად სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან შინაპატიმრობის დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აითვლება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დამატებით სასჯელად დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აითვლება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

6. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შენიშვნა: ამ სასჯელის მიზნებისათვის ტერმინს „იარაღი“ აქვს „ იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/52-2.md
