---
title: "მუხლი 5. ორგანიზაციის ფუნქციები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/5"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1649004"
adopted: "2012-04-24"
consolidated_as_of: "2012-05-07"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ორგანიზაციის ფუნქციები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2012-05-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/5

1. ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება, სხვა სახელმწიფოებში მათი პოპულარიზაციისათვის უნივერსალური მოდელების შექმნა; ბ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფოებში გავრცელებაში და მათ პოპულარიზაციაში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების ხელშეწყობა; გ) სათანადო ქართული რეფორმისათვის საბრენდო სახელწოდების, სლოგანისა და გამოყენების სავარაუდო არეალის განსაზღვრა; დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; ე) განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში ჩართვა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მათთვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას (მათ შორის, შესაბამის ენებზე თარგმნას); ბ) საჭიროების შემთხვევაში თითოეული ქართული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე სამუშაო ჯგუფების შექმნას; გ) ქართულ რეფორმებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრების (სემინარები, სიმპოზიუმები და სხვა) ორგანიზებას; დ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე სხვა სახელმწიფოების საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის საზაფხულო სკოლების მოწყობას; ე) პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში; ვ) პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევას ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციით; ზ) მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებით; თ) საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ ტრენინგებზე, სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა კურსებზე გაგზავნას; ი) გრანტების გაცემას; კ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3. ორგანიზაციის მიერ გრანტების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1649004-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-repormebisa-da-tanamshrom/6.md
