---
title: "მუხლი 21¹⁰⁸. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-108"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^108"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹⁰⁸. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹⁰⁸ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-108

1. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) ჩაბარება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), ან თუ ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამ გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 4 კალენდარული დღისა ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 6 კალენდარული დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლი. საწინააღმდეგო შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან მე-5 კალენდარულ დღეს ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4. თუ მხარე სამხედრო სამსახურს გადის, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-109.md
