---
title: "მუხლი 21²⁶. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-26"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^26"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21²⁶. სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21²⁶ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-26

1. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

2. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს: ა) პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას − მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუ არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები თმობენ ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ.

4. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4646 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2763 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-27.md
