---
title: "მუხლი 21⁷⁷. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-77"
law: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"
article: "21^77"
identifier: "2352"
adopted: "1999-07-23"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21⁷⁷. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁷⁷ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-77

1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში.

2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით, რის შესახებაც ამ შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 დღისა ატყობინებს აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს და მას საქმის მასალებს უგზავნის. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

3. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება მიიღება ბრძანების ფორმით.

4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტისა და მისი იმ ქმედების თაობაზე, რომელიც შეჩერდება; გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6. ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების შესახებ/ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16492-sakartvelos-administratsiuli-saprotseso-kodeksi/21-78.md
