---
title: "მუხლი 11¹. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/11-1"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "11^1"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 11¹ (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/11-1

1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო), ხოლო პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნების ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო.

3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიების პიროტექნიკური ნაწარმის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს. სპეციალიზებული ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. სპეციალიზებული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესი და პირობები (მათ შორის, პიროტექნიკური ნაწარმის კატეგორიებად დაყოფა, მისი უსაფრთხოებისთვის დადგენილი მოთხოვნები, აგრეთვე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების, რეალიზაციის, ეტიკეტირებისა და გამოყენების წესები) განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №173 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/12.md
