---
title: "მუხლი 43. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/43"
law: "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"
article: "43"
identifier: "6157-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება — პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/43

1. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 30 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.

2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტის შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. შენიშვნა:

1. უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. შენობა-ნაგებობის გაბარიტის ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციის ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და სხვა), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/42-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659419-produktis-usaprtkhoebisa-da-tavisupali-mimoktsevis-kodeksi/44.md
