---
title: "მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/13"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "13"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/13

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.“;

1¹. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.

3. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია:
ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც:
ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას;
ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას;
ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;
ა.დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და პირველად წარმოებას;
ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;
ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტემპერატურის კონტროლს;
ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას;
ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად;
ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
გ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
დ) მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/12-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/14.md
