---
title: "მუხლი 17. მიკვლევადობას მოთხოვნები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/17"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "17"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. მიკვლევადობას მოთხოვნები — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/17

1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ.

3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2877 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/17-1.md
