---
title: "მუხლი 18¹. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/18-1"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "18^1"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18¹. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 18¹ (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/18-1

1. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.

3. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.

4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/18-2.md
