---
title: "მუხლი 54. მცენარეთა კარანტინი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/54"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "54"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. მცენარეთა კარანტინი — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/54

1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ( I S PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა.

3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/55.md
