---
title: "მუხლი 72. პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/72"
law: "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი"
article: "72"
identifier: "6155-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2023-10-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. პასუხისმგებლობა მცენარეთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევების ჩადენისთვის — სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

> Text consolidated as of 2023-10-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მუხლი 72 (consolidated as of 2023-10-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/72

1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან/და რეალიზაციის წესების დარღვევის დროს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

5. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევის დროს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის ან ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

9. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

10. მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659434-sursatis-tskhovelis-sakvebis-uvneblobis-veterinariisa-da-mtsenareta-da/73.md
