---
title: "მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/10"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "10"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/10

სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება: ა) კავშირის, ასოციაციის, გაერთიანების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურის შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებას ან შეზღუდვას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ეკონომიკური აგენტისთვის ისეთი შეღავათის დაწესება, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ეკონომიკური აგენტის ეკონომიკური საქმიანობის ან/და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისთვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა ან არსებული სახელმწიფო სტრუქტურისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეკონომიკურ აგენტს დომინანტურ მდგომარეობას უქმნის, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნასა და კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6893 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/10-1.md
