---
title: "მუხლი 23. სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება — კონკურენციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/23"
law: "კონკურენციის შესახებ"
article: "23"
identifier: "6148-Iს"
adopted: "2012-05-08"
consolidated_as_of: "2025-02-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება — კონკურენციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონკურენციის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-02-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/23

1. სააგენტო საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.

2. სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე საჩივრისა. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები.

3. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მომჩივნისა და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

4. სააგენტო მომჩივანსა და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აცნობებს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე ან საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მომჩივანს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია.

5. საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის ეტაპზე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.

6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი კანონის დარღვევის თაობაზე, და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე, სააგენტო უარს ამბობს საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე და მოპასუხე მხარეს პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მის მიერვე განსაზღვრული სახით არ შეასრულებს პირობით ვალდებულებას, საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლა განახლდება და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

8. საჩივრის ფორმას, წარდგენის წესს და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს განსაზღვრავს და შესაბამის აქტს იღებს სააგენტო. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1659450-konkurentsiis-shesakheb/24.md
