---
title: "მუხლი 41³. კომისიისთვის ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-3"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "41^3"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41³. კომისიისთვის ინფორმაციის/მტკიცებულების წარუდგენლობა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 41³ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-3

1. ამ კანონის 41 2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის/მტკიცებულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, არასწორად ან არასრულყოფილად წარდგენის თითოეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი, გარდა მომხმარებლისა (მომჩივნისა), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააჯარიმოს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ინფორმაციის/მტკიცებულების მიმართ დარღვევის განმეორებით ან მრავალჯერადად ჩადენის შემთხვევაში − 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე.

2. კომისია დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

3. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი გაცნობისთანავე. ფულადი ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. კომისია უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, რისთვისაც კომისია გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოცემიდან 6 თვის ვადაში. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისას კრედიტორი არის სახელმწიფო. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

5. თუ შესაბამისი პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარება ვერ ხერხდება, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გავრცელების შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/41-4.md
