---
title: "მუხლი 46. სანქციები — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/46"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "46"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. სანქციები — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/46

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ სისტემის ოპერატორმა/საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება, წერილობითი მითითება; ბ) წარადგინა არასწორი ან არაზუსტი ინფორმაცია; გ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები; დ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დამრღვევის მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე − არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გაუგზავნოს  წერილობითი  გაფრთხილება  ან/და მოსთხოვოს, შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები; ბ) დააკისროს ფულადი ჯარიმა თავის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; გ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს  აქტიური  ოპერაციები,  აუკრძალოს  მოგების განაწილება,  დივიდენდების დარიცხვა  და  გაცემა,  შრომის  ანაზღაურების  გაზრდა,  პრემიებისა  და  სხვა,  მსგავსი  ანაზღაურების  გაცემა; დ) ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა, მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ამასთანავე, უნდა მიეთითოს კონტროლის გაუქმების ან შეზღუდვის პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე; ვ) გაუუქმოს რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5236 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/47.md
