---
title: "მუხლი 48². საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/48-2"
law: "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"
article: "48^2"
identifier: "6304-Iს"
adopted: "2012-05-25"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48². საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა — საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ, მუხლი 48² (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/48-2

1. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უწყვეტად ახორციელებს საგადახდო მომსახურებას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის მიღების შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/48-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1673253-sagadakhdo-sistemisa-da-sagadakhdo-momsakhurebis-shesakheb/49.md
