---
title: "მუხლი 10³. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-3"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "10^3"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10³. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 10³ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-3

1. თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე განხორციელებული იმ კიბერშეტევის მართვას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებსა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ინციდენტების მართვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი.

2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფისთვის პრიორიტეტული საფრთხეები და თავდაცვის სფეროში ამ ჯგუფის მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონის მე-8 მუხლით.

3. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ქსელურ სენსორზე; ბ) ჰქონდეს წვდომა აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციულ აქტივზე, ინფორმაციულ სისტემაზე ან/და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში შემავალ საგანზე, თუ ასეთი წვდომა აუცილებელია მიმდინარე ან მომხდარ კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებისთვის.

4. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის იდენტიფიცირების შემთხვევაში ინფორმაციული აქტივის უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირებას, მის შესწავლასა და აღწერას. კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი კომპიუტერული ინციდენტის შესწავლისა და აღწერის შემდეგ შეიმუშავებს და თავდაცვის სფეროში შემავალ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს წარუდგენს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და რეკომენდაციებს.

5. თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 1 თვისა) მოახდინოს შესასრულებლად სავალდებულო მითითებაზე რეაგირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი წარუდგენს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფს. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. თავი III 2 . ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/10-4.md
