---
title: "მუხლი 5. ინფორმაციული აქტივების მართვა — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/5"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "5"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ინფორმაციული აქტივების მართვა — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/5

1. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შინასამსახურებრივი გამოყენების წესების შესაბამისად, ატარებს ინფორმაციული სისტემების ინვენტარიზაციას ყველა ინფორმაციული აქტივის აღრიცხვის მიზნით, რის შედეგადაც ყოველ ინფორმაციულ აქტივს მიენიჭება კრიტიკულობის შესაბამისი კლასი – კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების. ყველა სხვა ინფორმაციული აქტივი, რომელთა კლასიფიცირება საჭირო არ არის, ღია ინფორმაციად ითვლება.

2. ინფორმაციული აქტივების აღრიცხვის შედეგად აღიწერება ყოველი ინფორმაციული აქტივის მნიშვნელობა, ფასეულობა, უსაფრთხოებისა და დაცვის არსებული დონე.

3. ინფორმაციული აქტივის შექმნის დროს კრიტიკულობის შესაბამის კლასს ადგენს აქტივის ავტორი ან/და აქტივზე პასუხისმგებელი პირი.

4. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული აქტივების მართვის წესები, კერძოდ, მათი აღწერის, კლასიფიცირების, ხელმისაწვდომობის, გაცემის (გამოქვეყნების), შეცვლისა და განადგურების წესები (გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს), პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ − საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

5. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკების მიმართ ინფორმაციული აქტივების მართვის დამატებით სტანდარტებსა და მოთხოვნებს ადგენს ეროვნული ბანკი. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/6.md
