---
title: "მუხლი 8. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/8"
law: "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ"
article: "8"
identifier: "6391-Iს"
adopted: "2012-06-05"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები — ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/8

1. ამ კანონის აღსრულებას, კერძოდ, საქართველოს კიბერსივრცეში ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ინციდენტების მართვას, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების კოორდინაციისკენ მიმართულ, მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას, რომელიც კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტული საფრთხეების აღმოფხვრას ემსახურება, ახორციელებენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.OTA.GOV.GE), ციფრული მმართველობის  სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი (CERT.DEA.GOV.GE) და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი.

2. კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტულ საფრთხეებს მიეკუთვნება: ა) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ინტერესებს ან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას; ბ) კიბერშეტევა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული სისტემების წინააღმდეგ; გ) კიბერშეტევა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან კერძო პირის ფინანსურ რესურსებს ან/და საკუთრების უფლებას; დ) სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც, მისი ხასიათიდან, მიზნიდან, წყაროდან, მოცულობიდან ან რაოდენობიდან ან მისი აღკვეთისათვის საჭირო რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საკმარისი საფრთხის შემცველია.

3. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფების მოვალეობებია: ა) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემა ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმძღვანელო მითითებების გაცემა; ბ) კომპიუტერული ინციდენტების დროული გამოვლენა; გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება და მათზე რეაგირების კოორდინაცია; დ) კომპიუტერული ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირების პრიორიტეტების დადგენა და კატეგორიზაცია; ე) კომპიუტერული ინციდენტების ანალიზი; ვ) კომპიუტერული ინციდენტების შედეგების გამოსწორებისა და ზიანის მინიმუმამდე შემცირების პროცესში დახმარება; ზ) კომპიუტერული ინციდენტების პრევენციისკენ მიმართული ზომების კოორდინაცია და ამ ზომების დანერგვაში დახმარება; თ) სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნებთან და განისაზღვრება კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით.

4. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს/ციფრული მმართველობის სააგენტოს/კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის კომპეტენცია, მუშაობის პროცედურები, კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები და მისი საქმიანობის სხვა წესები დგინდება ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის/ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის/საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

5.(ამოღებულია - 10.06.2021, №632). საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1679424-inpormatsiuli-usaprtkhoebis-shesakheb/8-1.md
