---
title: "მუხლი 127. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/127"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "127"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 127 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/127

1. უმაღლესი საბჭოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმებით, რომლებსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დადგენილებით.

2. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.

3. უმაღლესი საბჭო დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.

5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

6. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.

8. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.
თავი XIX
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის რეგლამენტი №02 - ვებგვერდი, 01.03.2024 წ.
გარდამავალი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/128.md
