---
title: "მუხლი 42. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/42"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "42"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 42 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/42

1. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციას.

3. ფრაქცია უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც იგი წერილობით მიმართავს ფრაქციას.

5. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

6. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

7. წევრი ფრაქციაში მიღებულად, ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.

8. ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.

9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ან ფრაქციის წევრის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა უმაღლესი საბჭოს 5-ზე ნაკლები წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცნობებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

10. ფრაქციის თანამდებობის პირის არჩევის, გადაყენების, გადადგომის და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის რეგლამენტი №14 - ვებგვერდი, 30.07.2021 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/43.md
