---
title: "მუხლი 60. პლენარული სხდომის დღის წესრიგი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/60"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "60"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. პლენარული სხდომის დღის წესრიგი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 60 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/60

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.

4. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

5. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საჭოს წევრი, ფრაქცია მოითხოვს საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

6. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/61.md
