---
title: "მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/7"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "7"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/7

1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

2. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს:
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილებას.

5. უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პოლიტიკურ პარტიაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/8.md
