---
title: "მუხლი 77. ალტერნატიული კანონპროექტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/77"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "77"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. ალტერნატიული კანონპროექტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/77

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე, რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.

2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან.

3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პლენარული სხდომისთვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. უმაღლესი საბჭო დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დროს მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითადი კანონპროექტის მომხსენებელი, ხოლო შემდეგ – ალტერნატიული კანონპროექტის მომხსენებელი. თითოეული მომხსენებლის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/78.md
