---
title: "მუხლი 87. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/87"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "87"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 87 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/87

1. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ ფრაქციების წარმომადგენლები ან/და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.

4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.

5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 დღის ვადაში განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს.

6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით მართავს შეხვედრებს.

7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტის არსის შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.

9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/88.md
