---
title: "მუხლი 99. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/99"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "99"
identifier: "matsne 1682337"
adopted: "2012-06-15"
consolidated_as_of: "2026-09-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-09-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 99 (consolidated as of 2026-09-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/99

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მომხსენებლის მოთხოვნით.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

6. მომხსენებელთან შეკითხვების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან თანამომხსენებლები:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი;
ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.

7. თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

8. მომხსენებელი და თანამომხსენებლი დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთიანად შეკითხვების დასრულების შემდეგ.

9. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეული არაუმეტეს 10 წუთისა. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

10. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს აყენებს კენჭისყრაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682337-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/100.md
