---
title: "მუხლი 4. საკონსულო საქმიანობის განხორციელება — საკონსულო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/4"
law: "საკონსულო საქმიანობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1682950"
adopted: "2012-06-12"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საკონსულო საქმიანობის განხორციელება — საკონსულო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საკონსულო საქმიანობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/4

1. საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები არიან საკონსულო დაწესებულებები და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, თავიანთი საკონსულო ოლქების ფარგლებში.

2. საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ასევე მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საკონსულო სამსახური.

4. საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა.

5. სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს  საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტმა, მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ.

6. საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს აგრეთვე დროებით მივლენილმა საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1398 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1682950-sakonsulo-sakmianobis-shesakheb/5.md
