---
title: "მუხლი 10. ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ადგილზე მოქმედების კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/10"
law: "საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 17296"
adopted: "2000-09-29"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ადგილზე მოქმედების კოორდინატორი — საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/10

1. სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი − ნავსადგურის კაპიტანი არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაცია და საძიებო-სამაშველო ოპერაცია ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა) ხორციელდება.

2. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია:
ა) დაამოწმოს უბედურების შესახებ ინფორმაციის მიღება;
ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს;
გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;
დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი;
ე) საზღვაო ნავსადგურების, სანაოსნო კომპანიების, აგრეთვე საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო ძალების მონაწილეობით განახორციელოს და ორგანიზება გაუწიოს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;
ვ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას;
ზ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს;
თ) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.

3. საძიებო-სამაშველო რაიონის დანარჩენ ნაწილში ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მორიგე კოორდინატორი, ხოლო სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე მას ათავისუფლებს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №71 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ. 93
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №853 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 278
საქართველოს 2010 წლის ოქტომბრის კანონი №3752 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.392
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17296-sazghvao-samashvelo-samsakhuris-shesakheb/11.md
