---
title: "მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/10"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/10

გენერალური აუდიტორი: ა) წარმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ბ)  იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სამსახურის გავლის წესს, განსაზღვრავს თანამდებობების დასახელებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ, დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის წესსა და ოდენობებს, განსაკუთრებულ შემთხვევებში – ერთჯერადი დახმარების ოდენობას, იღებს სტაჟირების გავლის, პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასების, მოსამსახურეების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებებს; დ) აჯილდოებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს უწყებრივი ჯილდოებით და წარადგენს მათ საპატიო წოდებებისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ე) გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით; ვ) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება, განკარგულება, მითითება, აგრეთვე მიიღოს გადაწყვეტილება; ზ) უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცეს რეკომენდაცია; თ) ამტკიცებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტს, მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს, შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ი) განსაზღვრავს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებებს და ახდენს მათზე უფლებამოსილების დელეგირებას; კ) უფლებამოსილია საჯარო ურთიერთობების მდივნის ფუნქცია დააკისროს თავის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; ლ) უფლებამოსილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს; მ) მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების შესახებ დავის თაობაზე; ნ) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშებს, მოხსენებებსა და დასკვნას; ო) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მოსამსახურეთა ზღვრული ოდენობის შესახებ; პ) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია, დაესწროს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის ან/და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომას. ამასთანავე, მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტმა, საპარლამენტო ფრაქციამ ან/და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო ან სხვა დროებითმა კომისიამ; ჟ) იწვევს და თავმჯდომარეობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის სხდომებს; რ) ქმნის საბჭოებს,  კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ს) ორგანიზებას უწევს ერთგვაროვანი აუდიტორული პრაქტიკის განვითარების მიზნით აუდიტის შედეგებზე ჩამოყალიბებული შეფასებების განზოგადებას; ტ) დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; უ) წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისას; ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1045 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4373 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/11.md
