---
title: "მუხლი 20. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/20"
law: "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 17506"
adopted: "2008-12-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები და მათი უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/20

1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და აუდიტორ-სტაჟიორს.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად მოიწვიოს კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები.

3. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები უფლებამოსილი არიან, აუდიტის ჩატარების მიზნით: ა) მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და ნებისმიერი დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტური მასალის საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, შექმნან დოკუმენტების ასლები, დაამუშაონ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ბ) დაუბრკოლებლად შევიდნენ აუდიტის ობიექტში, ჩაატარონ ინვენტარიზაცია; გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა კერძო სამართლის სუბიექტისა; დ) მიიღონ ახსნა-განმარტება შესამოწმებელ საკითხებთან დაკავშირებით; [ ე) შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, პრეტენდენტს, მიმწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს მოსთხოვონ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ვ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კომერციული ბანკებისგან გამოითხოვონ აუდიტის ობიექტების შესახებ ინფორმაცია.

4. (ამოღებულია - 25.06.2026, №1828).

5. აუდიტის ჩატარების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

6. აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) აუდიტის ობიექტს გააცნონ აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა უფლება-მოვალეობანი; გ) უზრუნველყონ სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული და სამსახურებრივი საიდუმლოებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ორგანოებს დარღვევათა თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით; ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში; ვ) დაიცვან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი; ზ) აუდიტის ჩატარებისას არ ჩაერიონ აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2583 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის ორგანული კანონი №4430 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1716 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1834 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/17506-sakhelmwipo-auditis-samsakhuris-shesakheb/21.md
