---
title: "მუხლი 23. პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/23"
law: "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 18088"
adopted: "1998-06-25"
consolidated_as_of: "2001-08-02"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2001-08-22"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 23. პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია — ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2001-08-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2001-08-22.
> Cite as: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2001-08-02), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/23

1. პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მისთვის პარტიული სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია: დამოუკიდებელ კანდიდატებს – მათი წარდგენიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-8 დღისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დასახელებულ კანდიდატებს – მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

3. კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ სამი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიები კანდიდატებს გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

4. პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) მიერ ხელმოწერილი განცხადება, თითოეული კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად).

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) წარდგინება, და სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატისათვის კი – კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება, მხარდამჭერთა სია.

6. თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, საარჩევნო კომისია პარტიულ სიას ან კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს.

7. დაუშვებელია ერთმა და იმავე პიროვნებამ კენჭი იყაროს სხვადასხვა პარტიული სიით ან შეტანილ იქნეს პარტიულ სიაში და იმავდროულად კენჭს იყრიდეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ან კენჭს იყრიდეს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ამ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ ამის შემდეგ პარტიულ სიაში აღმოჩნდება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრებულოს წევრობის კანდიდატთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები, პარტიულ სიას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია.

8. პარტიულ სიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს ეძლევათ ნომრები შესაბამის საარჩევნო კომისიაში მათი წარდგენის რიგის მიხედვით, რაც ქვეყნდება პრესაში რეგისტრაციის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში საარჩევნო ოლქების მიხედვით. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ პარტიათა და საარჩევნო ბლოკების სია, რომელთაც უარი ეთქვათ სიების რეგისტრაციაზე ან მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებაზე, აგრეთვე უარის თქმის მიზეზები.

9. რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს, აგრეთვე დამოუკიდებელ კადიდატებს უფლება აქვთ 3 დღის ვადაში გაასაჩივრონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ უკანასკნელისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საჩივრის შეტანიდან 2 დღის ვადაში.

10. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს იმ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, რომლის პარტიული სია აღმოჩნდება არსებული მრავალმანდატიანი პროპორციული საარჩევნო ოლქების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებში. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18088-adgilobrivi-warmomadgenlobiti-organoebis-sakrebuloebis-archevnebis-she/24.md
