---
title: "მუხლი 14²⁰. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-20"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^20"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²⁰. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-20

1. აღსრულების პოლიცია ფუნქციონირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახით.

2. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით გათვალისწინებული პრინციპებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

3. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებლისთვის დახმარების გაწევა სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში განხორციელების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და აუცილებლობის შემთხვევაში პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად; ბ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებლისა და სხვა პირების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს და ამ პირების ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა; დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და მატერიალური რესურსების დაცვა; ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა; ვ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-21.md
