---
title: "მუხლი 14²¹. აღსრულების პოლიციელი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-21"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^21"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²¹. აღსრულების პოლიციელი — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²¹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-21

1. აღსრულების პოლიციელი (გარდა აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილისა) არის პროფესიული საჯარო მოხელე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

2. თუ ამ კანონით, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აღსრულების პოლიციელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებულ კონკურსთან, თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის გაფორმებასთან, აგრეთვე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებული ნორმები.

3. აღსრულების პოლიციელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები, განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს აცვია სამსახურებრივი ფორმა, რომლითაც მას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობა.

5. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივ ფორმაზე (ტანსაცმელზე) დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი დგინდება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

8. აღსრულების პოლიციელს ეკრძალება: ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა; ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა; გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ); დ) გაფიცვა და მასში მონაწილეობა; ე) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა; ვ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.

9. აღსრულების პოლიციელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს.

10. აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-22.md
