---
title: "მუხლი 14²³. აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-23"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^23"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²³. აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-23

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და პირადი უსაფრთხოების დასაცავად, თუ იგი ფიზიკური იძულების (ძალის) გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულებას.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება; ბ) სპეციალური ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.

5. აღსრულების პოლიციელი სპეციალურ საშუალებას იყენებს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება.

6. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს იმ აღსრულების პოლიციელს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.

7. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია შესაბამისი პირი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან როდესაც შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებისთვის − ამ სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.

9. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელმა ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულია ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

10. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს სხვა პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

11. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-24.md
