---
title: "მუხლი 14²⁵. აღსრულების პოლიციაში სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-25"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^25"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²⁵. აღსრულების პოლიციაში სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²⁵ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-25

1. აღსრულების პოლიციელისთვის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი ან საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 60 წელი; ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 65 წელი.

2. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული აღსრულების პოლიციელი უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ აღსრულების პოლიციელს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება სამსახურის ვადა გაუგრძელდეს 5 წლამდე ვადით. ეს არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.

4. აღსრულების პოლიციელი სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი – აღსრულების პოლიციელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა.

6. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

7. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში პირი სამსახურიდან თავისუფლდება.

8. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება პირის თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

9. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

10. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. პირს გამოსაცდელი ვადა შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-26.md
