---
title: "მუხლი 14²⁸. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-28"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^28"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²⁸. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²⁸ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-28

1. აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ან აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებით დაზღვევა.

3. აღსრულების პოლიციელი იღებს: ა) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ: ბ.ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს. აღსრულების პოლიციელს ეს წოდებრივი სარგო არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში; ბ.ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის აღსრულების პოლიციელს ნამსახურებ წლებში ჩაეთვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებაში/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა).

4. აღსრულების პოლიციელს ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. აღსრულების პოლიციელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, აღსრულების პოლიციელის სურვილის შესაბამისად, მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

5. აღსრულების პოლიციელს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.

6. აღსრულების პოლიციელი საკლასო დანამატს არ იღებს.

7. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

8. აღსრულების პოლიციელს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.

9. აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.

12. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

13. აღსრულების პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას) ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

14. აღსრულების პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-29.md
