---
title: "მუხლი 14²⁹. აღსრულების პოლიციელის შვებულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-29"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^29"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14²⁹. აღსრულების პოლიციელის შვებულება — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14²⁹ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-29

1. აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) ანაზღაურებისგარეშე; გ) სასწავლო; დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. აღსრულების პოლიციელს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით.

3. აღსრულების პოლიციელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, მისი დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს.

4. თანამდებობაზე ახალდანიშნული აღსრულების პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება მის მიერ ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა.

5. აღსრულების პოლიციელის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

6. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს.

7. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, აღსრულების პოლიციაში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.

8. პროფესიული განვითარების მიზნით აღსრულების პოლიციელს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ აღსრულების პოლიციელს ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნაზღაურდება.

9. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

10. აღსრულების პოლიციელების შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

11. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია აღსრულების პოლიციელის შვებულების (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახებულ აღსრულების პოლიციელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-3.md
