---
title: "მუხლი 14³⁰. აღსრულების პოლიციელის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-30"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^30"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14³⁰. აღსრულების პოლიციელის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14³⁰ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-30

1. აღსრულების პოლიციელს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

3. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.

4. აღსრულების პოლიციელს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

5. აღსრულების პოლიციელს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებით ბავშვის მოვლის გამო შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-31.md
