---
title: "მუხლი 14³³. აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-33"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^33"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14³³. აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14³³ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-33

1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ; დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) ეთიკის ნორმების დარღვევა.

3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ: ა) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი აღსრულების პოლიციელის რეპუტაცია, რაც გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა აღსრულების პოლიციასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს რეპუტაციას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე აღსრულების პოლიციელმა ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.

4. დისციპლინური სახდელებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება; ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით; ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა; ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.

5. აღსრულების პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-34.md
